პირველი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი

Author Archive

მომავლის მეცნიერების სათავეებთან

  დღესდღეობით გამთლიანებული აზროვნების პროცესებს, ნოოსფეროს პრობლემატიკას მსოფლიოში მრავალი ცნობიერებითი სკოლა სწავლობს. მათ შორისაა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლ. კალანდაძის სახლ-მუზეუმში არსებული ადამიანის ინსტიტუტი ,,ნოოსფერო”. ნოოსფეროს კვლევის ცენტრი თბილისში 1986 წლიდან არსებობს. მისი ხელმძღვანელია თეორეტიკოსი და ფიზიკოსი ქალბატონი ირინა კალანდაძე. ნოოსფეროს აკადემია 20 წელია ცდილობს ადამიანის ცნობიერების შეცვლას. მისი მთავარი იდეა, გამთლიანებული აზროვნება, გულისხმობს იმას, რომ სამყარო ერთიანია, რომ ადამიანი სამყაროს ნაწილია, მაგრამ ეს ნაწილები ერთმანეთისაგან იზოლირებულნი არ არიან, რომ სამყარო ნაწილებისაგან შემდგარი ერთი მთლიანობაა, რომელსაც ერთი სულიერი გონითი საწყისი აქვს.ნოოსფერო ეს არის დროისა და სივრცის გარეშე არსებული საყოველთაო აპრიორულ იდეათა ბანკი, გლობალური სპონტანურობის კოსმიური გონი, ცნობიერების განფენილობა, გაუმჟღავნებელი კატეგორია სამყაროს ჰოლოგრამაში, რომელსაც უნდა ქონდეს თავისი გამჟღავნებული. ადამიანმა პლანეტაზე უნდა ააშენოს ანთროპოლოგიური ნოოსფერო, ამისთვის კი საჭიროა ჩამოყალიბდეს ახალი ცნობიერების ადამიანი, ახალი ცნობიერების კაცობრიობა, რომლებიც შექმნიან ახალ სოციუმს. თუ ადამიანი გამთლიანებული აზროვნებით მიაღწევს ნოოსფეროს მაშინ დედამიწისთვის სიცოცხლის განფენილობა შეიცვლება ცნობიერების განფენილობით. ახალი ცნობიერება მოედება მთელ პლანეტას და გაჩნდება ნოოსფერო – გამთლიანებული, ცნობიერებით მოცული პლანეტა, რომელთან ერთადაც ჩვეულებრივად იარსებებს ლითოსფერო და ბიოსფერო, ისევე როგორც დღეს ბიოსფეროს გვერდით თანაარსებობს ლითოსფერო. ადამიანის სამომავლო პერსპექტივის ეს კონცეფცია სათავეს იღებს ვ. ვერნადსკის შრომებიდან. ბიოსფეროში დედამიწის ცხოვრების ყველა ნიშანი გაჯერებულია სიცოცხლით, ვერნადსკის ნოოსფეროში პლანეტის ცხოვრების ყველა ნიშანი გაჯერებულია მეცნიერული აზრით, ხოლო ანთროპოგენური ნოოსფერო არის ცხოვრების ყველა ნიშნის გაჯერება გამთლიანებული აზროვნებით, ცნობიერებით. ბიოსფეროდან ნოოსფეროს შექმნა ბუნებრივი მოვლენაა და უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კაცობრიობის ისტორია. ადამიანის არსებობის მთავარ ნიშნად აზროვნება ხდება და ნოოსფერული აზროვნება ადამიანის პოტენციის სრულ გამოყენებას ვარაუდობს. ასე სწამთ ნოოსფეროს აკადემიაში. ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანთა რიცხვი საქართველოში დაახლოებით 100-ია. ყოველ კვირა დღეს ტარდება ტრანსდისციპლინარული სემინარები. ტრანსდისციპლინარიზმი გულისხმობს მეცნიერების, რელიგიის, ხელოვნების დარგთა გამთლიანებას, ანუ თითოეული სფეროდან ისეთი მასალის ამოღებას, რომელის ადამიანისა და სამყაროს სრულიად ახალ ერთიანობაზე გაგვიყვანს, თვითონ მეცნიერებაში კი შექმნის კოჰერენტულ(შეთანხმებულ) სივრცეს. სემინარები მსოფლიო ახალი მიღწევების ინოვაციური ინფორმაციებით, პრაქტიკული მასტერკლასებით, ახალი ქართული კარტოგრაფიით ტარდება. პრაქტიკულად ,,თბილისის ადამიანის ინსტიტუტი – ნოოსფერო” გვთავაზობს ახალ მეტაფიზიკას, შესაბამისად ახალ აზროვნებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეტაფიზიკურ კატეგორიებს: ინტუიციას,ხედვას, სპონტანურობას. ეს ყველაფერი გულისხმობს მოვლენაში სიღრმისეულ შეღწევას, თავად მოვლენად ქცევას. ახალი მეტაფიზიკური მეცნიერება აცხადებს, რომ არსებობენ პარალელური სამყაროები, რომ ჩვენი პლანეტარული თანამედროვეობა ეს ბიოსფეროა, თუმცა სიცოცხლე არ არის ერთადერთი და საბოლოო კატეგორია პლანეტაზე, ტვინი არ არის აზროვნების მთავარი ცენტრი, საუბარი უნდა იყოს ადამიანის ბიოკომპიუტერზე. ადამიანის ცნობიერება მარცხენანახევარსფერო ცივილიზაციის ცნობიერებაა, ეგოცენტრული და კაფსულირებული, ინტუიციის თვალსაზრისით, ეს მძიმედ მბობღავი ცივილიზაციაა. ცნობიერება არის სიცოცხლის შემდგომი ბუფერი დედამიწასა და კოსმოსს შორის, კაცობრიობა კი კოსმიური ცნობიერების პროექციაა, რომ ადამიანი მხოლოდ ფიზიკური სხეული არ არის. ველისმიერ სტრუქტურებთან ერთად ადამიანს 7 ან მეტი სხეულებრიობა ახასიათებს.

აკადემიაში დაგროვდა რამდენიმე სიახლე. იკვეთება საინტერესო ფაქტორები ინსტიტუტის სამეცნიერო პრობლემატიკაში: ანთროპოგენური ნოოსფერო, ადამიანის ცნობიერების იერარქიული მოდელი, ახალი ცნობიერების ადამიანი, გამთლიანებული ცნობიერების მოდელი, ვირტუალური ფილოსოფია, ახალი ფიზიკის პრობლემატიკა და სხვ. აქ თვლიან, რომ მეცნიერი ჰქვია მას, ვინც მეცნიერულ ახალღირებულებას ქმნის. ინსტიტუტის მთავარი ლოზუნგია – მეცნიერება, როგორც მოთხოვნილება და არა როგორც მარტო საქმე, ხოლო საზრისი – უმაღლესი კატეგორიის, ნატიურობის მიღწევა. აკადემიაში ხშირად ტარდება სხვადასხვა საღამოები. ხდება შეხვედრები ახალგაზრდებთან ნოოკლუბის საშუალებით ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე კონფერენციები, სინპოზიუმები, talk-show-ები რომელთა შინაარსია: ეზოთერიკა, ფსიქოლოგია, მეტაფიზიკა, მისტერიები, ხელოვნება ფსიქოთერაპია. ხშირია კულტურული ღონისძიებები და ექსკლუზიური საღამოები, გაკეთებულია პროექტი ,,ნოოპოლისი – ახალი ტაძარი”, ტრანსდისციპლინარიზმისა და ნოოსფეროს პრობლემატიკის ნოოცენტრი, სადაც იმუშავებს ცნობიერების შეცვლის 200 მეთოდური კაბინეტი, აზროვნების ინსტიტუტები რომელის იქნება გამთლიანებული ფორმულით – ადამიანი ბიო-ფსიქო-სოციო-ფილოსოფიურ კოსმიური ფენომენია.

ეს ახალი მეცნიერება, ,,ნოოსფერო კაცობრიობის გონივრული მოღვაწეობის სფერო”, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ახალი, რთული და გაუგებარი. მეცნიერთა ამ ჯგუფის მოღვაწეობის შესახებ ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია. შესაბამისად საზოგადოებრივი აზრის გაგება ამ საკითხის გარშემო რთულია. ვისთვისაც ცნობილია ამ ინსტიტუტის შესახებ ერთნი სკეპტიკურად უურებენ მას, ხოლო სხვანი, უფრო მონდომებულნი ცდილობენ ჩაწვდნენ მის აზრს და განხორციელების შესაძლებლობას.

PDF

Written by ქეთი კურტანიძე

2010/05/11 at 13:07

Posted in უკატეგორიო