პირველი

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი

Author Archive

ახალი ტურისტული ობიექტები საქართველოში

საქართველოში ტურისტული ინდუსტრია ბოლო რამდენიმე წელია საგრძნობლად ვითარდება და იხვეწება. ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული სამუშაო პროცესში. სულ მალე, მათივე განცხადებით, ვიხილავთ შედეგს, რომლის მისაღწევადაც დიდი ძალისხმევა დაიხარჯა. მიმდინარე პროცესშია რამდენიმე გრანდიოზული პროექტი, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის.
ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისათვის ტურიზმი ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია მსოფლიო ბაზარზე დასამკვიდრებლად. იმისათვის რომ სახელმწიფოს გააჩნდეს ამგვარი პრეტენზია, აუცილებელია ის აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. მუდმივად ისწრაფვოდეს სიახლისაკენ და ავითარებდეს ახალ პროექტებს.
საქართველოს ,,კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტიბოლო რამდენიმე წელია ინტენსიურად მართავს მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან. მუდმივად განიხილება ახალი იდეები და დროთა განმავლობაში ხდება მათი რეალიზება.
2009 წლის 15-16 დეკემბერს, ბულგარეთში, . სოფიაში, გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) შეხვედრა. მას ხელმძღვანელობდა მასპინძელი ბულგარეთის მხარე. შეხვედრას ესწრებოდნენ BSEC-ის წევრი სახელმწიფოების ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. საქართველოს მხარეს წარმოადგენდა ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი.
შეხვედრაზე ბექა ჯაყელმა დეტალურად ისაუბრა არგონავტების მარშრუტის აღორძინების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების ზრდასა და საკრუიზო ბიზნესის განვითარებას.

https://khizanishvili.wordpress.com/wp-includes/js/tinymce/plugins/wpgallery/img/t.gif
ფრანგმა ექსპერტსპელეოლოგებმა შეფასებებისა და დასკვნების საფუძველზე არჩევანი წყალტუბოს მღვიმეზე შეაჩერეს. ის მთლიანად არგონავტების ლეგენდაზე იქნება აგებული. მღვიმეში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და 2010 წელს დასრულდება. სპეციალისტებმა განსაზღვრეს მისი გამტარუნარიანობა და დაადგინეს, რომ მღვიმე წლიურად 310500 ვიზიტორს მიიღებს. პროექტში აქტიურად აპირებს ჩართვას საბერძნეთის მხარე, რომელიც ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის დაინტერესებით. ტურიზმის დეპარტამენტის განმარტებით შემთხვევითი არაა ამ პროექტისათვის წყალტუბოს შერჩევა. მათი განცხადებით მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ახალი ტურისტული ობიექტების წინა პლანზე წამოწევასა და განვითარებას.
კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ყურადღება მხოლოდ წყალტუბოს მღვიმეზე არაა შეჩერებული. პარალელურად მიმდინარეობს მცხეთის რეაბილიტაცია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. აგრეთვე ახლო მომავალში ქუთაისი და სვანეთი გახდება მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუშაობს სათაფლიის ნაკრძალის პროექტზე, სადაც სულ მალე გაკეთდება ვიზიტორთა ცენტრი და სხვადასხვა სერვისები. აღსანიშნავია აგრეთვე მშენებლობები ბათუმში, სადაც მთლიანად მოწესრიგდა საბაზო ინფრასტრუქტურა.
ტურიზმის დეპარტამენტი აქტიური მუშაობის თვალსაჩინო მაგალითად სიღნაღს მიიჩნევს. ახლო მომავალში იგეგმება ქალაქის დატვირთვა ახალი კულტურული ღონისძიებებით, რათა ეს ადგილი მუდმივად იყოს მონახულებადი და დასვენების იდეალური ადგილი. სწორედ ამიტომ, დეპარტამენტისა და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სიღნაღში ყოველ შაბათკვირას მოეწყობა სახალხო კონცერტები, სპეციალური წარმოდგენები ბავშვებისათვის, ხალხური რეწვისა და სუვენირების გამოფენა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ამ ობიექტს. უკვე მომზადებულია ღონისძიებათაA კალენდარი, სადაც დეტალურადაა გაწერილი სრული პროგრამა. ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებით, პროექტი წლის ბოლომდე განხორციელდება.
,,ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კომპლექსურადაა ჩართული ტურიზმის განვითარების პროცესში. როცა გზების დეპარტამენტი აწესრიგებს გზას, მნიშვნელოვანია, რომ ეს გაცილებით შეამცირებს მგზავრობის დროს. ჩვენი ორიენტირება ზოგადად სერვისის დონის გაუმჯობესებაა. რთულია მოკლე დროში შედეგის დანახვა. ვფიქრობ თანდათანობით პრობლემები მოგვარდება, საჭიროა მხოლოდ მუდმივად კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ჩატარება და კადრის გადამზადება” – განმარტავს ბექა ჯაყელი.
გასული წლების მაგალითმა აჩვენა, რომ მთიან რეგიონებში იქმნებოდა საკომუნიკაციო ენის სერიოზული პრობლემები. ეს ყოველივე, ბუნებრივია, იწვევდა ტურისტთა რაოდენობის შემცირებას. ამჟამად სამ პრიორიტეტულ რეგიონში: თუშეთში, ყაზბეგსა და სვანეთში მიმდინარეობს ინგლისური ენის შემსწავლელი ორთვიანი კურსი. როგორც ტურიზმის დეპარტამენტი აცხადებს ამ პროგრამამ უკვე გამოიღო დადებითი შედეგი. სიღნაღში კი მოხდა განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯერთათვის ტრენინგი.
კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტი დარწმუნებით აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში ვიხილავთ ახალ ტურისტულ ობიექტებს, მაღალკვალიფიციურ პერსონალსა და საერთაშორისო სტანდარტების სერვისებს.

სტატიის PDF ვერსია

Written by ნინო ნიბლაძე

2010/05/05 at 20:21